 კომპანია
BIT-მა წარმატებით დაასრულა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისათვის სადიაგნოსტიკო პროექტის განხორციელება. BIT შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს
(USAID) საჯარო სამსახურის რეფორმის
(PAR) პროგრამის მიერ ტენდერის გზით იქნა შერჩეული აღნიშნული პროექტის განსახორციელებლად.
პროექტის პირველი ეტაპი მიზნად ისახავდა სოციალური მომსახურების სააგენტოს ბიზნეს პროცესების ანალიზს, ოპტიმიზაციასა და მოდელირებას. ჩატარებული კვლევის საფუძველზე BIT-ის ბიზნეს ანალისტიკოსთა ჯგუფმა სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის ძირითადი მოთხოვნები და რეკომენდაციები ჩამოაყალიბა.
დღეისათვის სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში თავი მოიყარა ცენტრალური ბიუჯეტიდან დაფინასებული სოციალური მომსახურებებისა და გასაცემლების უდიდესი ნაწილის ადმინისტრირებამ. ინფორმაციის რაოდენობის ზრდამ ბიზნეს პროცესების მართვა ძალიან გაართულა: იკლო კადრების ეფექტურობამ, გართულდა მომსახურების პროცესი, ადმინისტრირების ეფექტურობაზე უარყოფითად მოქმედებდა თითოეული პიროვნების სრულყოფილი იდენტიფიცირებისთვის რამოდენიმე მონაცემთა ბაზის რთული ინტეგრირებული ანალიზის საჭიროება, გართულდა ასევე სახელმწიფო სოციალური დანახარჯების ეფექტურობის განსაზღვრა და მოკლევადიანი და გრძელვადიანი დაგეგმარების განხორციელება. ამ პრობლემებმა დღის წესრიგში სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის საჭიროება დააყენა.
 პროექტის ფარგლებში BIT-ის ექსპერტებმა სოციალური მომსახურების სააგენტოსა და მასთან დაკავშირებულ სახელმწიფო სტრუქტურებში (საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, ფინანსთა სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრო, იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრი და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო) ინფორმაციის მიმოქცევის პროცესები შეისწავლეს, გამოიკვლიეს არსებული პრობლემები და ის საკვანძო საკითხები, რომელთა მოდერნიზაცია ბევრად შეუმსუბუქებს სააგენტოს მზარდი მოთხოვნილებების გამო წარმოქმნილი პრობლემების გადაჭრას.
საქართველოს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილის, მორის წამალაშვილის განცხადებით: „BIT-ის მიერ ჩატარებული სამუშაო მნიშვნელოვნად დაეხმარა სააგენტოს მენეჯმენტს სააგენტოს ფარგლებში მიმდინარე ბიზნეს პროცესების ფორმალიზებაში და ოპტიმიზაციაში. სწორედ ამ პროცესების საფუძველზე შეიქმნება და დაინერგება სააგენტოში სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემა.“
BIT-ის ბიზნეს ანალისტიკოსთა ჯგუფის მიერ განხორციელებული სადიაგნოსტიკო პროექტის შედეგად სოციალური მომსახურების სააგენტომ მიიღო ძირითადი ტექნიკური და ფუნქციონალური მოთხოვნები და შესაძლო ალტერნატივები სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემისათვის. სამომავლოდ, გაცილებით მარტივად და ეფექტურად მოხდება ახალი სისტემის შექმნის პროექტის დაგეგმვა, წარმატების კრიტერიუმების ჩამოყალიბება და საბოლოოდ მიღებული სისტემის შეფასება. ამასთანავე, სოციალური ბიუჯეტის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნა მნიშვნელოვანი ეტაპი იქნება ქვეყანაში ე.წ. „ელექტორნული მთავრობის" განვითარებისკენ მიმავალ გზაზე.
პროექტის მეორე ეტაპი ითვალისწინებს მონაცემთა ბაზების არქიტექტურის შექმნას, რომელიც მსოფლიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდება.
|